ბექა გონაშვილი – ფერმერი

დატოვე კომენტარი

რადიო თავისუფლების ფოტო

Radio Tavisupleba – Photo

5 ივლისი, კვირა

დილა ჩვეულებრივად შვიდისთვის დაიწყო: მეყველეთა გილდიის თავჯდომარე ანა მიქაძე და ქალბატონი მანანა გადავიყვანე ზურას ფერმაში. ანა საცდელ რეჟიმში ამზადებს ყველებს ზურას და გიორგის ფერმის რძისგან. როგორც თავად ამბობს, ძალიან საინტერესო და მათ პრაქტიკასთან უჩვეულო შემთხვევებთან აქვთ საქმე. „ფრეში“, ანუ ახლად მოწველილი რძე სულ სხვა ხასიათისა, ვიდრე ის, რისგანაცაქამდე აკეთებდნენ ყველს. ტექნოლოგიის შეცვლა უწევთ, წვალობენ. მაგრამ თან ძალიან უხარიათ, რომ ასეთ უნიკალურ რძეს მიაგნეს – დაავადებებისგან თავისუფალს, პირდაპირ წველის დროს რომ დალევ კაცი უშიშრად, არ შეგეშინდება ბრუცელიოზის, მასტიტისა თუ სხვა დაავადებებისა.

მთავარი ისაა, რომ ზურაც და გიორგიც 25-26 წლის ახალგაზრდები არიან და თავიანთი არაადამიანური შრომით აჩვენებენ ანას, რამხელა ტვირთია ფერმაში შრომა. სწორედ მათზე გადის ამ ქვეყნის მომავალი.

საკვების საწარმოში გადავედი, ხვალე თელავში უნდა წავიღო ჩემს ქარხანაში დამზადებული ღორის საკვები. პირველი გასვლაა, ვნახოთ, რა მოხდება. ის კი ვიცი, რომ შედეგით ყველა კმაყოფილი იქნება: ოთხი თვის ღორს რომ 90-100-კილოიანებს დაკლავენ, ნაცვლად 8-10 თვე ლოდინისა, ეს საშუალებას აძლევს ფერმერებს, წელიწადში სამჯერ მოასწრონ ფულის შოვნა. ვნახოთ…

შუადღეზე საკვების „სტიკერების“ დიზაინზე წავიმუშავეთ, უნდა შევცვალო. ასეთი კაი პროდუქტი უკეთეს დიზაინს იმსახურებს ნამდვილად. 🙂

6 ივლისი, ორშაბათი

დილას, 6-ის ნახევარზე, ჩემი თეთრი რაშით, „ფორდის“ მარკის მინი-სატვირთოთი, თელავს გავეშურე. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, მერვე კლასი აქ ვისწავლე. ის ერთი წელი სრულიად საკმარისი გამოდგა, რომ უზომოდ შემყვარებოდა თელავი – ხალხი, კლასელები, ნათელა მასწავლებელი, რომელსაც არასდროს გამორჩება ჩემი დაბადების დღე. მე თუ დამავიყწდა, იმედიანად ვარ: ვიცი, რომ მას არ დაავიწყდება მოლოცვა. 🙂

პროდუქტი მოეწონათ, გაუხარდათ. კარგ ფასში შევთავაზე და თანამშრომლობაზეც შევთანმხით. ის კი არა, ხელოვნური განაყოფიერების სწავლა გვინდა ძროხაშიც და ღორშიცო, სპეციალისტები არ ჰყოლიათ. მაგაშიც უნდა დავეხმარო. ეგ საქმე ჯერჯერობით (და, ალბათ, კიდევ რამდენიმე წელი) ბიზნესად ვერ გამოდგება, მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს ჯიშების გაუმჯობესება აქტიურად. აქამომდინ ძალიან ბევრი გრანტი დაიხარჯა ამ მიმართულებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან, სამწუხაროდ, ხალხია არასწორად მომართული, სიახლეების დანერგვა არავის უნდა. უფრო სწორად, როგორ არ უნდა! უბრალოდ, აქ ორი კატეგორიაა ფერმერების: ვისაც სურს, მაგრამ რისკის და ამ რისკთან დაკავშირებული ხარჯების ეშინია (ისინიდაიღალნენ მრავალი ასეთი სიახლის შეთავაზებით, რომელმაც ჩვენს პირობებში არ გაამართლა, და ამიტომ ალმაცერად გიყურებენ); და ვისაც უნდა, რომ ვიღაცამ (მაგალითად, მთავრობამ, ან დეპუტატმა, ან გამგებელმა) დაუხნას, დაუთესოს, ძროხაც მოუწველოს, ძროხის კვებაზეც იზრუნოს და, ბოლოს, მზამზარეულ მაწონში ისევ მზამზარეული პური ჩაუმტვრიოს. აი, ეს ღუპავს დღეს ჩვენს სოფლის მეურნოებასაც, თავად სოფელსაც და ქვეყანასაც. მართლა მომენატრა ახალი მშრომელი და შემართებული ახალგაზრდების გაცნობა…

დედოფლიწსყაროში დაბრუნებული, კალოზე გადავედი, მამაჩემი დღეს მორჩა მოსავლის აღებას, წრეულს ბარაქიანი წელი იყო, მარცვალი კარგად მოვიდა, ცოტა ხორბალმა ვერ მისცა ხალხს ის შედეგი, რასაც ელოდნენ, მაგრამ ქერებმა ივაჟკაცეს, აავსეს ქიზიყის ბეღელ-კალოები.

ჩემი პატარა ცოლი, ნინიკო, დღეს საღამოს, როგორც იქნა, გავასეირნე. არადა, ახლა მას სეირნობა ძალიან სჭირდება, მალე პატარა მეცხვარეს გამიჩენს, ნანატრს! აგერ უკვე მეშვიდე წელია, ეს ერთი და სხვა მრავალი! მრავალი, მაშ, ჩვენ ხო წინდაწინ ათ შვილზე შევთანხმდით… 🙂

7 ივლისი, სამშაბათი

გუშინწინ დღიურში არაფერი ჩამიწერია ერთ საკმაოდ უცნაურ შემთხვევაზე, რაც ისევ და ისევ მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით მოხდა, შეიძლება – პირველადაც კი ქართულ აგრარულ სივრცეში.

საქმე ისაა, რომ გიორგიმ ფერმიდან მწყემსი გაუშვა 1 ივლისიდან, ანუ დამხმარე აღარავინ ჰყავდა და 35-მდე ძროხას თავად უვლიდა. ძალიან იღლებოდა. კვირას მე და ქაჩალიჩმაც მოვინახულეთ და საღამოს ნახირშიც მივეხმარეთ, მაგრამ მთელი დღით ვერ დავეხმარებოდით, რა თქმა უნდა. ხოდა, ამ წვალებას ანა მიქაძემ რო უყურა, ქალაქში გაბრუნებულმა, ეგრევე ფეისბუკს მიმართა და დაწერა, მოხალისე ხო არავინ ხართ, რომ ფერმაში სამუშაოდ წამოხვიდეთ რამდენიმე დღითო. ხოდა, აგერ ათი კაცი გამოეხმაურა, ამ ათიდან სამმა დაურეკა, წამოვალთო, ხოლო მეორე დღეს, თბილისიდან 7-ზე გამოსულს, გზაში ეკა დაეწია, რომელიც თავისი მანქანით და ეკიპირებით წამოვიდა. ეკას არ ვიცნობდი, მაგრამ ფეისბუკის და, ზოგადად, ინტერნეტის დახმარებით ბევრი მეგობარი მყავს და აღმოჩნდა, რომ ეკა ლუარსაბ ტოგონიძის, ჩემი ინტერნეტით გაცნობილი და აწ უკვე რეალური ცხოვრების ძმაკაცის ცოლისდაა, რამაც გამახარა, გამაოცა და გამაამაყა კიდეც ერთდროულად!

წავიყვანე სტუმარი, ნახა ფერმაც, იშრომა კიდეც. ანასთან ერთად გვიანობამდე იყვნენ ფერმაში. გიოს ეხმარებოდნენ წველაში, საკვების დაყრაში, დახვეტაშიც კი, და გასავათებულები ამოვიდნენ ღამის 12 საათზე. მაგრამ მოტივირებულები არიან: ხვალეც წავალთო, იძახიან!

აქ დამებადა იდეა, რომ გავაკეთო ინტერნეტრესურსი, აგროლანსერის სამსახურით. ვისაც სოფლის მეურნეობა აინტერესებს, ან სურს მომავალში ამ საქმეს მოკიდოს ხელი, კარგი საშუალება ექნება, რომ პრაქტიკა მიიღონ, ხოლო თავად იმ ფერმერს, ვინც მათ მიიღებს, თუნდაც ერთდღიანი უფასო (კვების და ცხოვრების ხარჯების ანაზღურებით) მუშახელი ეყოლება, რომელიც მიეხმარება. კარგია, უნდა მოვქოქო ეს იდეა, ისევე, როგორც ფერმერთა სოციალური ქსელის იდეა, მააშ: შრომამ შექმნა ადამიანი, ინტერნეტმა დახვეწაო! 🙂

დღეს ერთმა კარგმა ამბავმა გამახარა: თელავში საკვები კარგად გაყიდულა. 14 ტომარა გაიყიდა გუშინ ჩატანილი, მაშ ხვალე უნდა მივაშველო უკვე სხვა პროდუქტებიც. დავღერღეთ, გავამზადეთ, შურიკა ძია მიმყოფოს ღმერთმა კარგად, ქარხანას ისე კოხტად და საათივით ამუშავებს, ერთი გრამი მტვერი არსად არის. აკი იძახის ხოლმე: აქ რომ კაცი მოვა, შარვალ-კოსტუმითაც რომ მუშაობდეს და მერე ქორწილში წავიდეს, არ უნდა შერცხვესო. 🙂

რახან მოსავლის აღებას მორჩა, ხვალე მამაჩემი მთაში მიდის, ცხვართან. მეც ძალიან მომინდა! ამას წინათაც ვაპირებდი, ჭიის წამალი რო წაიღო. ვიფიქრე, წავსულიყავი ორი-სამი დღით და მე დამელევინებინა: თან საქმეს გავაკეთებდი, და თან დავისვენებდი ამოდონა ორომტრიალისგან. მაგრამ ნინიკოს ახლა ვერ დავტოვებ, წელს მომიწევს ცხვარში, მაქსიმუმ, ერთდღიანი ვიზიტით შემოვიფარგლო და მაქსიმალურად მობილიზებული ველოდო პატარა მწყემსს… 🙂

8 ივლისი, ოთხშაბათი

დილიდან თელავს გევეშურე, დავცალე პროდუქცია, მაგრამ ჰაა, პოლიტიკაზე კამათს მაინც ვერ ავცდი გაგანია წინანდლის ბოლოებზე. ამერიკა რო ფინთია და რუსეთი რო მაინც ერთმორწმუნეა, ეგ გავარჩიეთ მე და გიამ, მეგუთნიშვილმა. 🙂

ეს ამერიკა რო უვარგისია და სატანის მონაშენი, გავიგე, მაგრამ ეს რუსეთი რანაირადღაა ამ ტანჯული ქვეყნის მოამაგე, ერთი ეგ ვერ ამოვიკითხე ამ 200 წლის მანძილზე ნაწერ ვერც ერთ ისტორიის წიგნში. ჩემი აზრით, არც ერთი უქნია ღმერთს საჩვენოდ, არც მეორე, და არც კიდე სხვა ქვეყანა, ყველას თავისი ინტერესი აქვს და იმ ინტერესს ატარებს, ეგ ჩვენა ვართ უბედურები, რომ საკუთარი არც ინტერესი, არც მაგ ინტერესზე დაფუძნებული სტრატეგია, და არც ამ სტრატეგიის განხორციელების სურვილი არ გაგვაჩნია. ყველა თავისასა წადინობს და თანაც, ისე წადინობს, რომ სხვისა თუ გადაეღობა წინ შემთხვევით, მაშინათვე ძირიანად სპობს და ანადგურებს. არც კი გაიხედავს წინ, იქნება და აწყობს კიდეც, ვიღაცასთან გაამხანაგებით იაროს მიზნისკენ… ეეჰ, ილიამ ვერ გაასწორა ეს ქვეყანა, და მე რას ვიქამ, აბა?!

ძალიან ბოდიშების ხდით, როგორც იქნა, დღეს დავჯექ და „მერსი კორპსისთვის“ საჭირო დოკუმენტაცია დავასრულე. ეს ორგანიზაცია მეცხვარეთა ასოციაციას გვეხმარება სასწაულად! ჰელენი, მათი ხელმძღვანელი, შეიძლება ითქვას, ძალით მაკეთებინებს იმ საქმეს, რაზეც ძალიან ხშირად მითქვამს, უნდა შევეშვა, დრო აღარ დავკარგო და მხოლოდ საკუთარ საქმეზე ვიფიქრო-მეთქი, გავეშვა ამ საქვეყნო სატკივარზე სირბილს წინ და უკან, ყვირილს პრესით და გამოსვლებით ტელევიზიებში, რადიოებში. ვაცნობ ხალხს ამ ცხვარ-მეცხვარის პრობლემას, გამგონეც ბევრია, ესმით, განა არ ესმით, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გვიანდება, ხანდახან რაც იდგმება, ისიც არასწორია. მერე იმაზე მეშლება ხოლმე ნერვები, მაშ, ასე არასწორად გადმოვცემ-მეთქი იმას, რაც გასაკეთებელია?!

ამ ბოლოს რამდენიმე ფაქტის გამო პირდაპირ ვთქვი კიდეც, რომ მე ამ ასოციაციას უნდა გავანებო თავი-მეთქი, მაგრამ მერე ხან ცხონებული პაპაჩემი, ხან სპირიდონა პაპა, ხან სეიფუნა ღულელაური, ხან ფიდო გაფრინდაული, საშიშა და მამამისი ჯუმბერა ძია, ხან შემზარავი გოგია და მათი დაკოჟრილი ხელები, ნაადრევად დაბერებული, მაგრამ გულად მოახალგაზრდავე სახეები ამომიტივტივდება გონებაში და გული ისევ მომიბრუნდება ხოლმე. იმ დღეს მამაჩემმაც მითხრა (არ ვიცი, იგრძნო თუ რაა), ამ ასოციაციას თავი არ გაანებო, ხალხი გენდობა, წლები დაგჭირდა, მაგრამ ყველა კატეგორიის ხალხში, როგორც მეცხვარეში, ისე სხვა პროფესიის ხალხში ნდობა გაქვს და მაგ ბრძოლას ბოლომდე მიყვანა უნდაო. ძნელია, მაგრამ ამჯერადაც დამძალა, მიმიბრუნა გული, შემოდგომიდან ბევრი რამის კეთებას დავიწყებ… უფრო მეტად თავდაუზოგავად.

9 ივლისი, ხუთშაბათი

წუხელ ცოტა ნინიკომ შემაშნა, მუცელი ტკიოდა. ამიტომ ხვალე ქალაქში უნდა წავიყვანო.

ძალიან ბედნიერი ვარ მისით, არც ისე ბევრია თბილისში დაბადებული და გაზრდილი გოგო, მიჩვეული შარდენსა და მეგობრების გარემოში ყოფნას, ერთ დღეს ქმარს სოფლად საცხოვრებლად გაჰყოლოდეს. თანაც როგორ?! ჩემი ძმაკაცების შვილების ნათლია ის არის. J იმდენად ყველას შეაყვარა თავი და იმდენად თბილია, რომ, ასე მგონია, აქაური იყო და არის კიდეც. ქუჩაში ჩემზე მეტად მას ესალმებიან, მოიკითხავენ ხოლმე, ბაზარში გამყიდველი ქალები სულ ტუსტუსით დაჰყვებიან და ეფერებიან. 🙂 წლების წინ ბუღალტერიც ეგ იყო ჩემი, საქმის მწარმოებელიც, ფინანსური და საგადასახადო რომ დამესხა თავს ორივე კომპანიაზე, მაშინ სწორედ ნინოს და მამაჩემის სწორად აღრიცხვიანობის გამო გადავრჩი დიდ ჯარიმებს, უკვირდათ აუდიტორებს ასე სწორად დალაგებული დოკუმენტაცია ჯერ არ გვინახავსო!

ჩემს ამჟამინდელ ბუღალტერს ვესაუბრე დღეს ტელეფონით. თბილისშია, თავად ტრენინგებზეა, ხოლო უფროსი ვაჟი, ილიკო, რომელიც წელს აბარებს, კარგად მიიწევს წინ ეროვნულებშიო. მასეც ვიცოდი! მაგარი ბიჭია! და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, როცა ნატომ დაიწყო ჩემთან მუშაობა, ნელა-ნელა ნახა, რასაც ვაკეთებდი და რა პრობლემებიც მქონდა, მაგალითად, კადრების სიმცირე, ის რომ ვეტექიმების კატასტროფული დეფიციტი გვაქვს, ძალიან ცოტა რო არიან და ისიც მოხუცები, ილიკომ გადაწყვიტა, რომ ვეტერინარულზე ჩააბაროს! ბრავო! აი, ამისთვის ღირდა ჩემი 4-5-წლიანი წვალება დედოფლისწყაროში. მე მას ყველანაირად ხელს შევუწყობ, ყველგან გავუშვებ, სადაც მივწვდები (გრანტები და ასე შემდეგ), და ექვსი-შვიდი წლის მერე რაიონს ერთი კარგი ახალგაზრდა სპეციალისტი ეყოლება, და მის მაგალითს ვინმე მისი მეზობელიც მიბაძავს, ნახავს, რომ ის დასაქმდა, კარგად ცხოვრობს, ანაზღაურებაც აქვს და თან მოთხოვნადია. მერე ის მეზობელიც, იმედია, აღარ ჩააბარებს არარსებულ პროფესიაზე, როგორიცაა „საბანკო საქმე“, „საბაჟო საქმე“, სადაც, რას ასწავლიან ოთხი-ხუთი წელი, ჩემამდე არ დადის, და მერე ისევ სიგარეტის ან მაკარონის დისტრიბუციაში იწყენებ მუშაობას. მაგრამ რა გინდა, ძმაო, დიპლომი უდევთ შინ ისეთი, ქვას გახეთქავს!

მოკლედ, ფრიად კარგი დღე იყო სიამოვნებისგან ხელების ფშვნეტისა.

10 ივლისი, პარასკევი

დილით საქმეებს მივხედე, ფერმაშიც ვიყავ, ანაც ვინახულე. ანას შვილის, ბექას დამზადებული სულგუნი გავსინჯე… კატასტროფულად მაგარი რამ, სასწაული! ბავშვობიდან ძროხას, რძეს და ყველს ვუყურებ, ვჭამ, მაგრამ ასეთი რამე არ გამისინჯავს! ბრავო! ესეც კიდევ ერთი ჯეელი ახალგაზრდა, თავისი საქმის უზადო მცდონე, მოყვარული და ამ დალოცვილი ქვეყნის პატრიოტი, ოღონდ არა სიტყვით, ყანწების გამოცლით ან პატრიოტულ მოტივებზე მხატვრულად ლექსწამკითხველი, არამედ რუდუნებით, თავჩახრილად მომუშავე.

საქმეები მივალაგ-მოვალაგე, ორი-სამი დღით რომ ქალაქად ვიყო. უკვე ბევრი ვინმე მელოდება ქალაქში, ხვალინდელ დღესა ვგეგმავ. დედოფლისწყაროში ეს ასე არ იყო, საათებში გაწერა არ მიწევდა ჩემი გრაფიკისა, აი, ამიტომ არ მიყვარს თბილისი. რამე შეხვედრას ან საქმეს ვერ გათვლი სწორად და წასულია შენი საქმე, წინდის თვალივით აირევა გეგმა და მერე იწყება გადარბენა, ვიღაცის ლოდინი, ბოდიშების ხდა და ასე შემდეგ.

ისე, ორი-სამი კვირაა, არ ვყოფილვარ აქეთ და გზებზეც რამდენიმე რამე იყო შეცვლილი, გაგეცინება კაცს. სართიჭალაში სანიაღვრეს აშენებდნენ, კარგია! ბურებს გოჭების საჭმელი წამოვუღე და ეგ დავუტოვე, მთხოვეს, იქნება ხვალე გარდაბანში ჩვენი ფერმა მოინახულოო, რაღაცებს ვგეგმავთ, თან სხვა ბურებსაც უნდათ შენი გაცნობაო და რჩევები გვჭირდებაო. შევთანხმდით: ხვალე, 8-ზე, ორთაჭალაში შევხვდებით და წავალთ. პივოტები უნდა დაეყენებინათ და საინტერესოა.

სახლში რო მოვედი, დედაჩემმა მახარა, რო მამაჩემს მოუტანია წიგნი, სადაც ყველა წყაროა ამოკრეფილი, სადაც გონაშვილები არიან მოხსენიებულნი. საინტერესო რამე ჩანს, უნდა ჩავუჯდე, თანაც პატარა მეცხვარე ჯერ კიდე უსახელოა, ვერ მოვიფიქრეთ მე და ნინიკომ, რა დავარქვათ. ხოდა, შეიძლება სწორედ მანდ ამოვიკითხო მისი სახელი, ვინ იცის… 🙂

საღამო მშვიდად ჩავატარე, კარგი გემრიელი კაცი, ზურა ფიროსმანაშვილი მესტუმრა. მომავალ კვირაში ძროხების ჰოლანდიელი კვების სპეციალისტი ჩამოდის მათთან და უნდა შევხვდეთ, კახეთშიც უნდა წავიყვანოთ და ფერმები ვანახოთ: რა მდგომარეობაა, რას აჭმევენ ახლა, ყველაზე ოპტიმალური რაციონის შედგენა რომ შევძლოთ. კარგია! ანუ სწორი კვება, საკვების დამზადება, მცენარეთა დაცვა, ვეტერინარული მომსახურება, ჯანმრთელი პირუტყვი, ჯიშობრივი გაუმჯობესება – ეს ისაა, რაც ხვალინდელ ქართველ ფერმერს ქმნის და ჩვენც ამას ვქმნით უკვე ხუთი წელია. კადრებში გვიჭირს, მაგრამ მაგასაც ვუმკურნალებთ ღვთის მადლით.

11 ივლისი, შაბათი

დილას წავედი გარდაბანში, ლემშვენიერას ტერიტორიაზე, ნაციონალების დროს ბურებს რო მიწები მისცეს, იქ. მომეწონა, სულ პივოტები უყენიათ სარწყავად. ჩარლზს ცხვარიც ჰყავს 500 სულამდე და წუხელ მგელი დასცემიათ და ცხრა სული დაუხოცა, 14 კიდე გაუფუჭა, ვუმკურნალეთ, როგორც შეგვეძლო. მანახა წყლის რეზერვუარიც, საიდანაც პივოტებს წყალი უნდა მიეწოდოს. გამაცნო სხვა ბურებიც, ბევრი კითხვა ჰქონდათ. გავუზიარეთ გამოცდილება ერთმანეთს. ძალიან მშრომელი ხალხია! ვენაცვალე მაგათ. საერთოდ, ყველა მშრომელ ადამიანს გაუმარჯოს ღმერთმა: ქართველია, ირანელი, ინდოელი თუ ბური. ძალიანაც კი მინდა, რომ ეგ მშვენიერ მიწები არა ბურების, არამედ ქართველების იყოს, მაგრამ ასე დებას რა აზრი აქვს, ქართველებისა არ იყო, რო ზედ არავინ არაფერი გააკეთა?! და დღემდე რამდენი მიწა გვიყრია მასე უქმად, მაგრამ დაიცაა… მოვა მთავრობა და მოგვიხნამს, მოგვითესავს და ლუკმას პირში ჩაგვიდებს მერცხლის ბახალასავით…

ჩამოვედი ქალაქში და ეგრევე ნოტარიუსთან მოვხვდი, ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის საბჭოს წევვრად ამირჩიეს და ეგ უნდა გაფორმებულიყო. რამდენი ასეთი ორგანიზაციის წევრი, დამფუძნებელი და საბჭოს წევრი ვარ, ვინ მოთვლის! ხეირი არაფერია, მაგრამ ნაცნობობა კარგია, ბევრ რამეში გამომდგომია ასეთი ნაცნობობა, და მეც ბევრს გამოვდგომივარ. მაგრამ ძალიან ბევრ დროს მართმევს ასეთი ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურობა. ამიტომ საჭიროა, ორი ან სამი მაინც ვიყო, ან ამ დალოცვილ ღმერთს ვთხოვო, ეს 24 საათი ცოტა გაზარდოს.

ფიდომ დარეკა, მთიდან ჩამოველ, კლიენტი ხო არავინააო. მე ვუთხარ, აგე რამადანი რო დამთავრდება, ველოდები-მეთქი არაბებსა. ხოდა დაილალე და ამოდი თუშეთშიო, წელს შენი იმედი გვაქვსო თუშებსაო, შარშანდელივით საცოდავ ბედში არ ჩავცვივდეთ, ვაჭრებს რო „პოსლეზე“ გავატანეთ მთელი წლის ნაჯაფიო… ეგე, ამის გამო მიბრუნდება ხოლმე ისევა გული მეცხვარეთა ასოციაციისკენ, მათ დახმარება ჭირდებათ…

სტუდიაში წასვლამდინ „ლივინგსტონში“ შევუარე ირაკლის. სრულდება ჩვენი პროგრამაც. ბიჭები მიკეთებენ ხელოვნური განაყოფიერების „სოფტვერს“, გადამყვნენ ზედ, მაგარი გამოდის, საამაყო ნამდვილად! ბევრი სასარგებლო აპლიკაციის გაკეთება შეიძლება ერთობლივად, ძალიან ნასიამოვნები ვარ! მოკლედ, ახალ ტექნოლოგიებს ფეხს და ხელს ვუწყობთ ქართველი ფერმერები!

მაშ, გასრულდა ესე ამბავი ამ კვირაში ნაგროვები, თუ ამ დღიურის წაკითხვის ან მოსმენის მერე ერთით მეტი ფერმერი გვეყოლება საქართველოში, ერთით მეტი ადამიანი დააფასებს ფერმერის შრომას, მაშ ტყუილად არ მიწერნია ამდენი, იმიტომ რომ „ფერმერი არის გმირი“!!!

http://www.radiotavisupleba.ge/media/video/liberty-diaries-beka-gonashvili/27130653.html

მეცხვარეებს კორპუსები ებრძვიან

დატოვე კომენტარი

ინფო9-ს სიუჟეტი

მეცხვარეები, ყველაზე რთული პროფესიის მქონე ხალხია, პროფესიის რომელსაც უბრალოდ ცხოვრების სტილი შეიძლება ეწოდოს საქართველოში. ეს ადამიანები ცხოვრობენ იმისთვის რომ იტანჯონ, ხანდახან მიფიქრია ამაზე. “შეუიარაღებელი” თვალით რომ შეხედო მათ ცხოვრებას, ყოფას, შეიძლება მართლაც ასე იფიქრო: მათ 365 დღის მანძილზე ერთნაირი საქმე აქვთ, ერთი და იგივეს აკეთებენ, მათთვის არ არსებობს დასვენების დღეები, არ არსებობს რადიკალური ძვრები მათ საქმიანობაში, რითიც ადამიანი შენს ცხოვრებას შეაფასებდი როგორც საინტერესოს, მიღებული შემოსავლით ისინი ოჯახის წევრებს ინახავენ, რომლებიც ასევე ხშირად ასევე მათ კვალს ადგებიან და მათი ცოხვრებაც ისეთივე რუტინული ხდება როგორიც მათი ოჯახის უფროსი, პაპის, მამის, ბიძის და სხვა.

მაგრამ სწორედ პაპაჩემის ცხოვრების, მისი საქციელების, შემართებების და მონდომების შეფასებების დროს მიფიქრია სწორედ, რომ ასე არ არის!

ცხონებულმა პაპაჩემმა პირველად რომ წამიყვანა ცხვარში სულ 4 დღით და 3 ღამით, მაშინ ძალიან ცივი დღეები დაემთხვა, საპარსავზე ვიყავით აგვისტოში. წესით ეს პერიოდი თბილია ხოლმე, არა მაშინაც თბილი იყო უბრალოდ ახლად მოვხვდი იმ სამყაროში და ვერ ვხვდებოდი რანაირად ხდებოდა რომ დღის განმავობაში სეტყვაც მოვიდოდა, +30 გრადუსამდე დაცხებოდა, მერე კიდე იწვიმებდა, მერე ჯანღი წამოვიდოდა და საღამოთი ქარი დაუბერავდა ხოლმე ისეთი რო პაპაჩემის ხელით გაკეთებულ 2 კაციან “კარავში” რომელიც ასე 4-5 კვადრატული მეტრი იქნებოდა (მას მარტო თავის ზომაზე ქონდა გაკეთებული რომ ღამე გაეთია, მაშინ შვილიშვლიზე არ უფიქრია რომ მოუწევდა “შევეკედლებინე”), აქეთ-იქით აკვანივით არწევდა, ახმაურებდა და ალაპარაკებდა, ხოლო დილა გათენდებოდა და ისევ ჩიტების ჟრიამული, თოლიების ხორხოცი, ცხვრის ბღავილი და ძაღლების გნიასი იდგა. პაპაჩემმა მაშინ მასწავლა, ვახშამს რომ მივიღებდით ხოლმე და დასაძინებლად წავიდოდით, კარავში სანამ შევიდოდით ცხვარს უნდა “გავძრახებულიყავით” – “ჰეჰეჰეეეეეე ეეეეე” და ისე წავსულიყავით დასაძინებლად.

მას ძალიან უყვარდა ცხვარი და იცოდა მეცხვარის შრომის დაფასება, მწყემსი კაცი უყვარდა და პატივს სცემდა. რა თქმა უნდა მეტყვით ვინმე რომ იმიტომ რომ თავად მეცხვარე იყო და ის კოსმონავტის შრომას როგორ დააფასებდაო, არა სწორედ რომ მას ქონდა ის რთული გზა მეცხვარეობისა გამოვლილი რაზევ ვსაუბრობ. მას უნახავს და ბევრი ისტორია მოუყოლია ჩემთვის მეხით დახოცილი მეცხვარეებისა, სადმე მეზობელ საბინაოზე ნასვამი მეცხვარე რომელიც ცხენიდან გადმოვარდა სავარაუდოდ და ცხენმა გოხნარში ათრია, როგორ გადმოვარდა მეცხვარე ციცაბო ცხვრის გზაზე ჯავასთან და სხვა. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხალხი თვეობით ნატრულობს საკუთარი ოჯახის ნახვას, შვილებთან, დებთან და ძმებთან მოფერებას.

სამწუხაროდ, დღევანდელ მეცხვარეებს ერთი (ნუ რამდენიმე, მაგრამ მაინც) მავნე ჩვევა აქვთ! ისინი ეგუებიან და ჯერდებიან იმას რაც აქვთ! აი ესაა სწორედ დღევანდელი ჩვენი მეცხვარეობის პრობლემების თავი და თავი, და ზოგადად ყველა ადამიანისა ვინც საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში არიან დასაქმებულები. ისინი არ არიან ფერმერები! ისინი არ არიან მომთხოვნები და თავიანთი უფლებების დამცველები მთავრობასთან, მეზობლებთან (მომიჯნეებთან) და სხვებთან ურთიერთობაში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ისნი არ არიან თავისი თვის მიმართ მომთხოვნები, ისინი არ ცდილობენ საკუთარი თავი გადალახონ და უფრო მეტზე იფიქრონ, კი ისიც ცხადია რომ წლების განმავლობაში ისინი წელში გაწყვიტა როგორც მთლიანად სოფლის მეურნეობა მთავრობის თუ სხვათა უპასუხისმგებლო და პრიორიტეტების განსაზღვრის უცოდინარი ხალხის საქცილმა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას რომ შევეგუოთ დღევანდელ ყოფას.

ის სიუჟეტი რამაც დღევანდელი ამ პოსტის დაწერა მასურვა რომელიც ინფო 9-ს მოუმზადებია, ახალწლამდე რამდენიმე დღით ადრე უამრავი საინფორმაციო საშუალება, მათშორის #რუსთავი2; #კურიერი; #მაესტრო; #ინფო9 და სხვები და სხვები დამიკავშირდენენ რომ ცხვრის წელი მოდის და იქნება გადაგვაღებინოთ რამე სიუჟეტი ცხვარზე, ოღონდ თბილისთან ახლოსო. კარგია ასეთი გამონათებები, ვახსენდებით პრესას, მაგრამ ცხვრის წელი კი არა მე როგორც გავიგე ლურჯი თხის წელი მოდისო და როგორ არის ლურჯი თხა და თუშური, თეთრი და ღუნღულა ბატკანი ერთი და იგივე ეგ ვერ გავიგე 🙂

მეცხვარეებს გაუხარდათ ეს გამონათებაც კი რომ ვიღაცამ მათი “ჩაკარტოჩკება” გადაწყვიტა, მაგრამ 365 დღეში კი არადა შეიძლება 50 ჯერ 365-მა ისე გაიაროს რომ ეს “გამონათება” არც ეღირსოს ადამიანს, მან თავჩაღუნულმა უნდა იმუშაოს რომ ლუკმა პური ოჯახს მიუტანოს და ამ ხალხს არავინ არ აფასებს!

მეცხვარეებს გვებრძვიან კორპუსები! მაგრამ მოვა დრო და ჩვენც ავაშენებთ კორპუსებს!!! თან ისე რომ ცხვარიც გამაძღარი იქნება, ერიც და ბერიც…

კონსტიტუციაა თუ შარვალ კოსტუმი

4 Comments

ძაან მაგარი კაციაა! :)))))

Small Lamb

დატოვე კომენტარი

Small Lamb

Small from Gonashvili FARM

ქართული ცხვარი ისრაელში!!!

2 Comments

ხო ახლა იტყვით, რა არის ამდენი ცხვარი ცხვარიო… ცხვრის მეტი სალაპარაკო არაფერი აქვს ამ ბალღსაო.

 

მაგრამ ისრაელში ქართული ცხვრის შესახებ რომ ჩემი სიხარული არ გაგიზიაროთ პირდაპირ არ შეიძლება 🙂

ცოტა კი დამაგვიანდა ამის შესახებ რომ დამეწერა, მაგრამ მინდოდა რომ ყველაფერში დავრწმუნებულიყავი და მერე დამეწერა.

 

ცხვრის გადატვირთვა მანქანებიდან სპეციალურ გალიებში

 

2.

მიხეილ ბარკანის ინტერვიუ

 

3.

ასე იტვირთება გალეიბი თითონ BOING 747-400-ში, რომელსაც “ჯამბო ჯეტსაც” ეძახიან 🙂 2200 სული დაიტვირთა, მაგრამ პერსპექტივაში ჩემი აზრით მინიმუმ 2800 სულიც დაიტვირთება

 

4.

ეს კი მეტად ამაღელვებელი კადრები, დრორი და იაკოვი ზეიმობენ ისტორიაში პირველად ქართული ცხვრით დატვირთული თვითმფრინავის დაჯდომას თელ ავივის აეროპორტში :))))

 

5.

ეს კი კარგო ტერმინალი ისრაელის აერპორტში, ნახეთ როგორ იცლება ჩვენი ცხვარი უკვე სპეციალურ მანქამებში და მიემართებიან კარანტინისკენ 🙂

 

6.

ესეც ჩვენი ცხვარი ისრეალში, საკარანტინო ზონაში. არადა სულ რამდენიმე საათის წინ ისინი ნინოწმინდის რიაონში, იალაღებზე დაიარებოდნენ :))

 

დიდი მადლობა: ბიჭებს, მამაჩემს, ბიძაჩემს, ვეტექიმებს, განსაკუთრებული მადლობა სურსათის უვნებლობის სამსახურს (რომ არა მათი პროექტი თურქულზე ვაქცინაციისა ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა ნამდვილად!!!), სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთო მონდომებას და ისრაელიდან ჩამოსულ მყვერავ ექიმს, რომლის პროფესიონალიზმსაც ქვემოთ ნახავათ 🙂

 

 

TO BE CONTINUED… 🙂

 

 

Vaccination on FMD in Georgia

დატოვე კომენტარი

We made sheep vaccination on FMD in beginning of August.

bodishit rom qartuli anbanit vera vceram raa

დატოვე კომენტარი

დღეს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, თბილისში მქონდა შეხვედრა მესაქონლეობის პრობლემებთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი ცხვრის ფერმის ქონასთან არსებულ პრობლემებზე, რეალიზაციაზე, ექსპორტზე და სხვა. მათი პროექტით ისინი უნდა დაეხმარონ შუამავალ რგოლს რომ მათი რეალიზაციის კუთხით წინსვლის შემთხვევაში გლეხებს გაუადვილდებათ თავისი პროდუქციის გასაღება. მაგრამ მე არ მგო http://amplify.com/u/a15tvm

Muammar Gaddafi-ს დაცვა 22 წლის წინ

2 Comments

ძალიან საინტერესო რამე გადავაწყდი როიტერის საიტზე, როიტერის ერთ-ერთი ფოტოგრაფი 22 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს, ყადაფისა და ეგვიპტის ექს-სამისდღემშიო-პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის შეხვედრის შესახებ.

ამ შეხვედრაზე ყადაფის დაცვის წევრებში თურმე 2 მანდილოსანიც ყოფილა და ამათგან ერთ-ერთი ფეხმძიმედაც ყოფილა, ვისგან ახლა ძალიან დავინტერესდი თქო მოგატყუებთ, მაგრამ ფაქტია რომ ეგეც საინტერესო იქნებოდა 😀

დატკბით სურათით ერნო და ძლიერნო ამა სოფლისანო, ნუ იყოლიებთ ქალებს დაცვაში 😀 ემანდ, AK-47-ზე ხელი არ გემეეკრათ დანდობილა 😀

 

ნატალიას ვასწავლი WordPress

დატოვე კომენტარი

აი ჩემო ნატალია ეს არის WordPress-ი რომელსაც ასე კარგად ხმარობს სამყარო 😀

ჩემზე…

2 Comments

ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.

”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

ზუსტად რომ ჩემზეა დაწერილი. შეილება მთელ საქართველოზე და ყველა ქართველზეა დაწერილი, მაგრამ ყველამ თავის გულში რომ ჩავიხედოთ… ვიტყვით ჩემზეა დაწერილიო… მაგრამ რას ვაკეთებთ იმისათვის რომ ეს მანკიერებები მოვიშოროთ, არაფერს… აბსოლიტურად არაფერს!

ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვობთ, ვდარდობთ ყოველდღიური სადარდებლით, და ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის გვავიწყდება, ღმერთი გვავიწყდება…

იმ დღეს მამა იაკობმა მითხრა, ადრე უფრო მეტად იყავი რწმენაში, ახლა რა დაგემართაო… მასეა, სადღაც ცაში დავფრინავ, ბედნიერებას ვეძებ ცაში, ოკეანეში, მეგობრებში, საქათველოს კუთხეების დავლაში, ჩემს პატარა ცოლში (რომელსაც დღესაც ვეკამათე, შეილება ის არის მართალი, შეილება მე მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს… როცა ვჩხუბობ, უკვე ჩემი ბრალია!!!), ოჯახშიც, მაგრამ ეკლესიას, ღმერთს და თუნდაც ელემენტარულად ლოცვებს გარეშამო ვურბენ და მიკარებისა მეშინია, მეშინია შრომისაც… არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ რამე გამომივა სასიკეთო, მივეჩვიე იმას რომ რასაც ვაკეთებ ჩემთვის სასიკეთოს ვერაფერს ვაკეთებ, ვერც სხვას ვეხმარები ჯეროვნად. მოკლედ ასე მგონია ცხოვრება ისევ თავიდან მაქვს დასაწყები, სასწავლი და სანახავი 25 წლის ბიჭს…

არადა ბედნიერებაც და სიყვარულიც აქვე მაქვს, ხელის ერთ გადაწვდენაზე, მაგრამ ხელის მოკიდების მეშინია, შრომისა მეშინია, შრომისა რომელსაც რამის შექმნა და დატოვება შეულია ამქვეყნად ჩვენი გარდაცვალების შემდეგ, სხვაგვარად რა დარჩება? კომპიუტერი?:) აიფონ? 🙂 მეგობრები?:) (მეგობრებიც საკითხავია რამდენად მეგობარი გყავს გვერზე, გადაყვები მთელი ცხოვრება და უცებ ისე დაგიცდენს ფეხს, დაგცემს ბეჭებზე.)

რითი ვცხოვრობ? რატო ვცხოვრობ? რამეს თუ გავაკეთებ საერთოდ სიკვდილამდე მყარს და მნიშვნელოვანს?

Older Entries